ეს საიტი მეგობრების დახმარებით შეიქმნა, დიდ მადლობას ვუხდი მათ გულისხმიერებისათვის და მხარდაჭერისათვის. კვლავაც დიდ იმედს ვამყარებ მათ ინტელექტსა და შემოქმედებით აზროვნებაზე, რადგან მათთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია იმ ჩანაფიქრის განხორციელება რასაც უნდა ემსახუროს ეს საიტი.

მე გახლავართ ვაჟა ბალხამიშვილი. დავიბადე ქ. თბილისში 1958 წლის 11 ივლისს. მყავს მეუღლე ნანა, შვილები ნინო და დათო.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება სპორტში ვარ. ჯერ სკოლაში არ დავდიოდი, რომ ცურვა ვისწავლე. პირველი კლასიდან აქტიურად ვიყავი ჩართული აკრობატიკის სექციაში. 1967 წლის სექტემბერში უფროსმა მეგობარმა, უკვე წარმატებულმა სამბისტმა მერაბ ბროძელმა “დინამოზე” მიმიყვანა სამბოს სექციაში, საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელთან ბიძინა მაზიაშვილთან, რომელიც შემდგომ უცვლელად ჩემი მწვრთნელი და აღმზრდელი იყო. 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, როდესაც ჩვენმა სახელოვანმა ფალავანმა შოთა ჩოჩიშვილმა პირველი ოქროს მედალი მოუტანა საბჭოთა კავშირს და ჩვენს საქართველოს, მთელ ქვეყანაში ატყდა ძიუდოს ბუმი და აქედან მოყოლებული, მთელი ცხოვრება დავუკავშირე სპორტის ამ მართლაც საოცარ სახეობას - ძიუდოს.

1975 წელს დავამთავრე თბილისის მე-7 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში (ამჟამად აკადემია), რომელიც 1979 წელს წარჩინებით, როგორც მაშინ იტყოდნენ წითელ დიპლომზე დავამთავრე.

1977 წელს შევასრულე საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის ნორმატივი, ხოლო 1997 წელს კი გავხდი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში.

1987 წელს ასევე წარჩინებით დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო ლენინის ორდენოსანი ცენტრალური ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჭიდაობის სამყაროში ორ უდიდეს სპეციალისტს: ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატს პროფესორს გურამ რატიშვილს და პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატს გაიოზ ყაყიჩაშვილს. არ შემიძლია არ ავღნიშნო უდიდესი პედაგოგის პროფესორ გურამ პაპიტაშვილის ღვაწლი, აქვე უნდა მოვიხსენიო აგრეთვე ინსტიტუტში ჩემი სწავლა-განათლების მიღების დიდი ქომაგი და კურატორი პროფესორი ბატონი დურმიშხან ჩიტაშვილი და ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი.

ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლისას, კათედრაზე გამომიყვეს საათები და გურამ რატიშვილმა სტუდენტების დაოსტატების ჯგუფები ჩამაბარა. ბატონმა გურამმა აქტიურად ჩამაბა სამეცნიერო მუშაობაში და უნდა ითქვას რომ ძიუდოში მწვრთნელობის პირველი დღიდანვე მის მიერ ჩართული ვიქენი “სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფში”. მისივე დავალებით არჩეულ იქნა თემა რომელიც დინამიკაში ძიუდოისტის მიერ ფანდის ჩატარების სასტარტო სიტუაციების შესწავლას შეეხებოდა. მის შემდეგ ამ თემაზე გამუდმებით ვმუშაობ, რაც ჩემი როგორც მწვრთნელის დღესაც დიდ დახვეწას იწვევს.

გაიოზ ყაყიჩაშვილი - ამ დიდმა პიროვნებამ ძიუდოს და სამბოს ერთერთმა საუკეთესო სპეციალისტმა მომცა (არა მარტო მე) ძიუდოს ტექნიკის და ტაქტიკის ის საუფუძვლები, რაზეც შემდგომ დავაყრდნე ჩემი სწავლების მეთოდიკა.

1981 წელს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტთან გაიხსნა სპორტული სკოლა სადაც გურამ რატიშვილთან და გაიოზ ყაყიჩაშვილთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ძიუდოს სექცია. მასში თბილისის თითქმის ყველა რაიონის 300-მდე ბავშვი ვარჯიშობდა, მას მერე ძიუდოისტების რამდენიმე თაობამ გაიარა ჩემს ხელში.

ჩემს მიერ აღზრდილები არიან: ზაზა დაბრუნდაშვილი-მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში და ევროპის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში; ჯონდო დაბრუნდაშვილი, კობა გურეშიძე-ევროპის მესამე პრიზიორები. ევროპის ჩემპიონი სამბოში გელა ბარათაშვილი. ძიუდოში ახალგაზრდებში და ჭაბუკებში არაერთგზის ჩემპიონები და პრიზიორები: დავით ჯავახიშვილი, საბა გავაშელიშვილი, დავით ასუმბანი, ლაშა ტვილდიანი, დავით სვიმონიშვილი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები: ზაქარია შერეზადიშვილი, თემური ტაბატაძე, თამაზი ცოფურაშვილი, მამუკა მახათაძე, გიორგი ალექსიძე, გიგლა ალიბეგაშვილი, ამური აბუაშვილი, ბაკურ თურქაძე, შალვა მრევლიშვილი, ჯულხა მათიკაშვილი.

მაქვს შექმნილი ძიუდოს სწავლების საკუთარი პროგრამა. მუშა ჯგუფთან ერთად, ვლადიმერ ნუცუბიძე და მამუკა ხაბარელი, შევქმენით ძიუდოში ქამრების (თანრიგების და ოსტატობის) მინიჭებისა და მწვრთნელთა კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სისტემა, ამ სისტემით ძიუდოს იაპონური ტერმინოლოგია შევუსატყვისეთ ქართულ ტერმინოლოგიას. შექმნილია სასწავლო ფილმი “ძიუდოს სწავლების მეთოდიკის საფუძვლები” და სასწავლო ფილმი “ძიუდოს პროგრამა” ქართული და იაპონური ტერმინოლოგიის შესაბამისად.

1984 წლიდან ვარ საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდის მწვრთნელთა შემადგენლობაში. 1988 – 90 წლებში მიწვეული ვიყავი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან სამუშაოდ. სხვადასხვა წლებში ნამუშევარი ვარ გერმანიისა და ავსტრიის საკლუბო გუნდებში.

ამ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებული საინტერესო წინადადებები, მაგრამ ჩემი უცვლელი პრინციპული აზრია, რომ ის დარჩენილი წლები რომელიც მე კიდევ უნდა ვიყო სპორტში, მთლიანად ჩემი ქვეყნის საქართველოს სამსახურში გავატარო.

თავფურცელი, ჩემს შესახებ, ძიუდოს ისტორია, სასწავლო პროგრამა, კალენდარი,
ნაკრების წევრები, გალერეა, არქივი, საინტერესო ამბები, კონტაქტი

Copyright © 2006, vja